თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით, და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. ამასთან, განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ეუთო-ს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და კოლეგას სამომავლო ხედვები გაუზიარა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციუაში.
მათივე ცნობით, მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.