თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, რომელიც გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევასა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ჩართულობის ხელშეწყობასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება.

„წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი საქმიანობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ჩამოყალიბებული პლატფორმების ფარგლებში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შევაჯამეთ. სპეციფიკისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, უწყების წინაშე განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესების დინამიკაზე, ასევე დავსახეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმა,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში.