თეა ახვლედიანმა ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრები გამართა
თეა ახვლედიანმა ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულებთან, შოთა რეხვიაშვილთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრის შემდეგ, ქალაქ მარნეულში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა და გამოყო ის მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტებად დარჩება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებშიც.

„სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაფართოება, სახელმწიფო ენის შესწავლის დონის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება იყო ის მთავარი თემები, რომლებიც განვიხილეთ დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მათი მოსაზრებების და იდეების გაცნობა ამ ეტაპზე, როდესაც უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.