თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩიგელთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარება. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას ამჟამად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო განვითარებებზე, მათ შორის, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის ფაქტებზე და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და სხვა უფლებებთან ერთად, მნიშვნელოვნად ზღუდავს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას, რასაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მხარეების მიერ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ასევე გალის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მიმდინარე უკანონო მოვლენები მიზნად ისახავს იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ, ხელოვნურ იზოლაციას, ხალხთაშორისი დიალოგის შეფერხებას და ამ კუთხით არსებული მზარდი ინტერესის დაკნინებას. მან ხაზი გაუსვა, რეგულარული უკანონო ქმედებების აღკვეთისა და არსებული ხელოვნური დაბრკოლებების დაძლევის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის უმნიშვნელოვანესი როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის მხრიდან მიმდინარე უკანონო მოვლენების სათანადო შეფასების მნიშვნელობას. მხარეების მიერ აღინიშნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით, მისიის მანდატის სრულფასოვანი განხორციელების საჭიროება და ამისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.