თეა ახვლედიანმა ესტონეთის რესპუბლიკაში ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა 
თეა ახვლედიანმა ესტონეთის რესპუბლიკაში ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა 

დასავლეთის სტრატეგიული ინტერესის უფრო მკაფიო გამოხატულება გადამწყვეტია მდგრადი მშვიდობისთვის საქართველოსა და მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ესტონეთის რესპუბლიკაში ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო ტალინში, ესტონეთი, მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „ჩემი მეზობლის პრობლემა დღეს – ჩემია ხვალ“ ერთ-ერთ საპანელო დისკუსიაში სახელწოდებით: Novum Modus Operandi: მოქმედების ახალი მეთოდები – რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა (Novum Modus Operandi: New Method of Operating – Russia’s Neighbourhood Policy).

საპანელო დისკუსიას მოდერაცია ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრის ექსპერტმა, კურტ ვოლკერმა გაუწია. საკუთარ გამოსვლაში, სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მათ შორის საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციისა და მისი სუვერენული არჩევანის ხელყოფისკენ არის მიმართული.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ, რათა შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ხელი შეუშალოს მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემდგომი ოკუპაცია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული მძიმე ვითარება და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ რეგიონში რუსეთის პოლიტიკა დამოუკიდებელი მეზობელი ქვეყნების მიმართ არა თუ არ შეცვლილა, არამედ უფრო ინტენსიური და აგრესიული გახდა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, რუსეთის დესტრუქციული ქმედებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს და ამგვარად – ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო არაერთგზის აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების ერთგული რჩება და მტკიცედ განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას; პარალელურად, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას და ასოცირების შეთანხმების პირნათლად შესრულებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროკავშირთან დაახლოებას და შექმნის მყარ ნიადაგს 2024 წელს გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.

ამასთან, თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად, ევროკავშირის და აშშ-ის უმნიშვნელოვანეს როლზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.

„რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად – რაც ერთი მხრივ მნიშვნელოვანი საწინდარია ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის – აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი, მტკიცე პოზიცია, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ დასავლეთი კიდევ უფრო გააძლიერებს სტრატეგიულ ჩართულობას საქართველოსა და მთელ რეგიონში რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შესაკავებლად, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ დამოუკიდებელი მეზობელი ქვეყნების სუვერენული არჩევანის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები ყოვლად მიუღებელია და ცივილიზებული სამყარო მათ არ შეეგუება“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევა-მარია ლიიმეტსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რეინ ტამსაართან, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან მარია იუფერევა-სკურატოვსკისთან და პარლამენტის წევრებთან.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი