თეა ახვლედიანი - ზაზა გახელაძის გათავისუფლება დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობის, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია
ზაზა გახელაძის გათავისუფლება დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობის, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია, რაც არის მეტად სასიხარულო ფაქტი. პირველ რიგში, ვულოცავ მას პირადად, მის ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს. ეს არის ნამდვილად დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რაც განხორციელდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის, მექანიზმისა და ფორმატის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ყველა პარტნიორს, კოლეგას, ვინც ჩართული იყო და წვლილი შეიტანა ამ პროცესში.
მოხარული ვართ, რომ მოხერხდა მოლაპარაკებების შედეგად ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი მოქალაქეები გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუაც, მალე გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.