სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ვიმედოვნებთ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები მოინახულონ
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ვიმედოვნებთ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები მოინახულონ

ვიმედოვნებთ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, –  ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება უმოკლეს ვადებში მოხდეს.

„დაკავების მომენტიდან დღემდე, სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით.

ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. IPRM-ის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ჩანიშნულია 24 სექტემბერს, სადაც ეს საკითხი უმწვავესად იქნება დაყენებული ჩვენი მხრიდან. თუმცა, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ყველა იმ ძალისხმევის შედეგად, რასაც ჩვენი სახელმწიფო ატარებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.