თეა ახვლედიანი შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტისა და წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
თეა ახვლედიანი შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტისა და წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების წარმომადგენელთან, იონას ბელინასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მოძიების ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელთან, ფლორიან ვონ ქონიგთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს გააცნო უწყების საქმიანობა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორისა და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც დიდწილად გულისხმობს პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამების, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით  წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით საქმიანობას 1990-იანი წლებიდან მიმდინარე ეტაპამდე, მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს.

„შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხვედრის დადგენით მიზნით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მიმდინარე საქმიანობა და გაწეული ძალისხმევა“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი ან მონტავონი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში ICRC-ის დესპანი ანიეს ქოთუ და სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი არმინ რიზერი დაესწრნენ.