თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი სტრატეგიული ხედვისა და ახალი ინიციატივების გაზიარება როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ასევე ორივე მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გაცნობა.

შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა შერიგების პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები და მიმართულებები, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შექმნილ „მშვიდობის ფონდში“ საერთაშორისო დონორების ჩართულობის შესაძლებლობები.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობაზე გაამახვილა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძალზე დადებითად შეაფასეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები. მათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

თეა ახვლედიანმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრით, ერთი მხრივ ჩვენ გამოვეხმაურეთ იმ მაღალ ინტერესს გამოხატულს როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის მომდევნო 10 წლიან ხედვასთან დაკავშირებით; ასევე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ უცხოელ პარტნიორებთან და ელჩებთან, ჩვენს მიერ ორივე მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისევე როგორც სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ასევე საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე.

„სწორედ ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეხვედრაში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ვმონაწილეობდი, სადაც ორივე მიმართულების როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ, მომდევნო წლების სტრატეგია და ხედვა მოვისმინე. გერმანია განაგრძობს სახელმწიფო მინისტრის აპარტთან მუშაობასა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერას. სახელმწიფო მინისტრს თავის საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – განაცხადა ქნირშმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, პრეზენტაცია ასევე მოიცავდა „მშვიდობის ფონდის“ საქმიანობის განხილვას, რომელიც საქართველოს, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა.

„ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უწყების 10-წლიანი გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა „მშვიდობის ფონდის“ საქმიანობის განხილვას, რომელიც საქართველოს, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, მხარს ვუჭერთ ქვეყნის პოლიტიკას. აქტიურად ვმუშაობთ თანამშრომლობისა და მშვიდობის შენების დღის წესრიგზე“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტიან შონენბერგერმაც.

„მინდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. ეს იყო ძალიან ინფორმატიული შეხვედრა ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ შეკითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა“, – განაცხადა კრისტიან შონენბერგერმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.