თეა ახვლედიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
თეა ახვლედიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.

შეხვედრაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. თამაზ ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, ბატონ თამაზ ბესტაევთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განზომილებები და აქტუალური საკითხები, რომელთა მიხედვითაც, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას გავწევთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ბატონ თამაზ ბესტაევთან ჩვენ გვაკავშირებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებებით უზრუნველყოფის კუთხით გაწეული ერთობლივი საქმიანობა, ადმინისტრაციის დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობის პერიოდში, სადაც ბატონი თამაზი 15 წლის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.