თეა ახვლედიანი - მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობის, შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები
მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობის, შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა.