თეა ახვლედიანი - ინტენსიურად ვმუშაობთ ზაზა გახელაძის, ასევე ჩვენი სხვა მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების მიზნით
თეა ახვლედიანი - ინტენსიურად ვმუშაობთ ზაზა გახელაძის, ასევე ჩვენი სხვა მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების მიზნით

ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპანტების მიერ დაკავებული მოქალაქეების შესახებ საუბრისას.

ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს ზაზა გახელაძის, ასევე ჩვენი სხვა მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების მიზნით.

„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციისა და მისი უმძიმესი შედეგების გამო, დღეს სახეზეა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ძალიან უხეში დარღვევა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები.

იცით, რომ დღეისთვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით.

მათ შორის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი, როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში.

ამ უკანონო დაკავებების საკითხი არის ნამდვილად რთული და ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დატოვე კომენტარი