თეა ახვლედიანი - გვსურს, ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მძლავრად გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს
თეა ახვლედიანი - გვსურს, ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მძლავრად გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს

გვსურს, ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მძლავრად გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არსებითი პროგრესის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობაზე, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში, დაუბრკოლებლად ისარგებლონ მათთვის გახსნილი პერსპექტივებით. აღმართული კედლები და მავთულხლართები, ფიზიკური თუ სხვა ბარიერები, ადგილობრივ მოსახლეობაზე განხორციელებული წნეხი, ბუნებრივია, შესაძლოა, დაუძლეველ წინაღობად იქნას მიჩნეული ნდობის მშენებლობისა და შერიგების გზაზე, რისთვისაც ადამიანებს შორის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ურყევად განაგრძობს ძალისხმევას ჩართულობისა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, რისი ხაზგასმითაც დავიწყე და შემდგომ განვავრცე ჩემი დღევანდელი გამოსვლა, რათა ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მკაფიოდ გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს; ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, მივაწვდინოთ ხმა იმ სიკეთეებისა და სარგებლის, პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით არის შექმნილი.

საქართველოს მთავრობა თავისი თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპის ერთგულია, რაც მრავალგზის დადასტურდა და გამყარებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტებითა თუ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთა განცხადებებით. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ განუხრელად ვრჩებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულნი, რადგან გვწამს, რომ სწორედ მშვიდობა და განვითარება წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.