თეა ახვლედიანი - გამოვთქვამთ მზაობას, ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებზე, აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ ახალი შესაძლებლობები
თეა ახვლედიანი - გამოვთქვამთ მზაობას, ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებზე, აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ ახალი შესაძლებლობები

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართო რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ახვლედიანის თქმით, ამავდროულად, საქართველოს მთავრობა უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს.

„სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ისტორიული არჩევანია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.