თეა ახვლედიანი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას
თეა ახვლედიანი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

„ამ რეზოლუციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკური დისკრიმინაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ასევე პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთრების უფლებების მძიმე შეზღუდვების გამო“, – აღნიშნავს თეა ახვლედიანი.

მინისტრის თქმით, რეზოლუციაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული თავისუფალი გადაადგილების მზარდი შეზღუდვის მძიმე შედეგებზე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და გაამწვავა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გამოიწვია რეგიონების იზოლაცია და შეიწირა არაერთი ადამიანის სიცოცხლე.

„რეზოლუცია ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე და მოითხოვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელ და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.

24 მარტს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.