თეა ახვლედიანი - 13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიითა და ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით მნიშვნელოვნად შეარყია საერთაშორისო წესრიგი
თეა ახვლედიანი - 13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიითა და ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით მნიშვნელოვნად შეარყია საერთაშორისო წესრიგი

რუსეთი დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს გორშიც. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

„დღევანდელ დღეს გორიდან პირველ რიგში მსურს, პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. 13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, ხაზგასასმელია, რომ ამავდროულად ძირი გამოუთხარა, მნიშვნელოვნად შეარყია უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ეს იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და ამბიციების აშკარა გამოვლინება და მცდელობა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის სფეროები რეგიონში და შეზღუდოს დამოუკიდებელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული არჩევანის სუვერენული უფლება. საუბედუროდ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მათი ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს, რაც დღემდე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას. ამ გამოწვევისა და მიმდინარე ოკუპაციის საპასუხოდ, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა, რომლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, დეოკუპაციის მიზნებთან ერთად, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელოვნური ბარიერებისა და კედლების დანგრევა, ადამიანების შერიგება, რისკენაც მიმართულ ჩვენს ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.