„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მიწისქვეშა გადასასვლელებში იმორიგევებენ
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მიწისქვეშა გადასასვლელებში იმორიგევებენ

სანამ მიწისქვეშა გადასასვლელებში სამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება, ადგილზე კომპანიის თანამშრომლები იმორიგევებენ, – ამის შესახებ პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განუცხადა. მისივე თქმით, მორიგეობა ხვალ საღამოდან დაიწყება.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, პირველ ეტაპზე ჯგუფები იმ მიწისქვეშა გადასასვლელებში იმუშავებენ, სადაც ყველაზე ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. სწორედ ამიტომ შეირჩა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი, სადაც მორიგეობას პირველი ჯგუფი სავარაუდოდ ხვალ საღამოდანვე დაიწყებს.

„მორიგეობა დაწესდება მანამდე, სანამ მიწისქვეშა გადასასვლელებში არ დამონტაჟდება სამეთვალყურეო კამერები. როგორც იცით, ხშირია ასეთ ადგილებში ვანდალიზმის ფაქტები, ამიტომ საჭიროა გაკონტროლება. გადასასვლელები რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე შეირჩა და პირველ ეტაპზე, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ავარჩიეთ, თუმცა სხვა გადასასვლელებიც ეტაპობრივად დაემატება. ჩვენი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ადგილზე, თუმცა კონტროლი განსაკუთრებით ღამის საათებში გამკაცრდება, ვინაიდან ამ დროს ვანდალიზმის ყველაზე მეტი საფრთხე დგება“, – განაცხადა პირველ არხთან ლევან ჯღარკავამ.