„თბილსერვის ჯგუფი“ კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს
„თბილსერვის ჯგუფი“ კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია.

დასუფთავების სამუშაოები ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და განათების ბოძებზე მიმდინარეობს.

დედაქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია, თუმცა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ერთი ფაქტი, რაზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცა. მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში მიიღება მკაცრი ზომები.

რაც შეეხება სააგიტაციო მასალის განთავსების წესს, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი განმარტავს, რომ აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება 17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე დაავალა.