კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-4 ტური თბილისური დერბით დასრულდა: „მიხეილ მესხი 2“-ზე „ლოკომოტივმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
პირველი ტაიმი დაძაბულად მიმდინარეობდა და არაფერი მიანიშნებდა, შეხვედრა ასეთი სხვაობით თუ დასრულდებოდა. გადამწყვეტი როლი 37-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა ითამაშა: საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი „ლოკომოტივის“ მცველმა, თორნიკე ძებნიაურმა ხელით მოიგერია – ის მოედნიდან გააძევეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლევან კუტალიამ გოლად აქცია 0:1.
მეორე ტაიმში „დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და მეტოქის კარში კიდევ სამი გოლი გაიტანა: თავი გამოიჩინეს გიორგი ზარიამ (58) და ლევან შენგელიამ (75), ერთი გოლიც საკუთარ კარში „ლოკომოტივის“ კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ (90) ჩაჭრა.
საბოლოოდ, „დინამომ“ გასვლაზე 4:0 მოიგო, ექვსი დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა. „ლოკომოტივსაც“ ამდენივე ქულა აქვს, მაგრამ უარესი მაჩვენებლებით მეოთხე პოზიციაზეა.
ამის შემდეგ კრისტალბეტ ეროვნული ლიგაში ორკვირიანი სანაკრებო პაუზა იწყება, მე-5 ტურის მატჩები კი 30 მარტიდან დაიწყება.