თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი: 1979 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1978 წელს დაბადებული ზ.ი., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულზე დაზიანება მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.