თბილისში ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

2016-2020 წლების ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებაზე მეორე დღეა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

შეხვედრას ქართველ კოლეგებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის 150 დელეგატი ესწრება.

კონფერენცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და პულმონოლოგთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარეობს.

კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. დავით სერგეენკოს თქმით, ტუბერკულოზთან ბრძოლა მსოფლიო გამოწვევაა, რასაც გაერო-ს წლევანდელი ტრიბუნაც დაეთმო.

„სულ მოკლე პერიოდმა გაიარა, რაც ნიუ იორკში გაერო-ს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ტუბერკულოზის ბრძოლის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩართულობის საფუძველი და იმის პრაქტიკული გარანტი, რომ ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები კლებულობს. ამ დაავადების მქონდე ნებისმიერ პაციენტისთვის მკურნალობა უფასოა. რაც შეეხება მედიკამენტებსა და მკურნალობის ფორმებს, იგივეა რაც მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადებულ 60 მილიონამდე ადამიანია.

როგორც ტუბერკულოზის ცენტრში აცხადებენ, პროგრამას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, უკვე აქვს დადებითი შედეგები ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ცენტრის ინფორმაციით, საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დაავადებასთან ბრძოლაში.