თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა
თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში არსებობს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კონკრეტული ზონები მუდმივი დაკვირვების რეჟიმშია. ერთ-ერთი ასეთი კი, შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს.

„ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი კონკრეტული ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის და შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ასევე ძალიან ბევრი ობიექტი – სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო  ამ ფერდის გაწყლოვანება. ფერდმა ჩამოშლა დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იქ მომუშავე ადამიანებს.

შესაბამისად, დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამრიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტციაზე დაყრდნობით მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელი პირობას წარმოადგენს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მისი განხორციელება კი, მუნიციპალიტეტს დაახლოებით 21 მლნ ლარი დაუჯდება.

დედაქლაქის მერი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობაც ითხოვდა.

„მინდა, დავამშვიდო იქ მცხოვრები ადამიანები, ძალიან ბევრი წერილი და თხოვნა შემოდიოდა ამ პრობლემაზე. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იქნებოდა თანადგომა, მხარდაჭერა და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. შესაბამისად, ამ პროექტით ყველაფერი მოწესრიგდება  და ყველა კითხვაზე, რაც შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, პასუხი იქნება გაცემული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი