თბილისში, შალვა დადიანის 34 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისში, შალვა დადიანის 34 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისში, შალვა დადიანის 34 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული სახლი და გაწეული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისი განვითარების ფონდმა განახორციელა.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 341 ათასი ლარი გამოიყო. შენობა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია და მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზეც განხორციელდება.