თბილისში საშობაო ბაზრობა გაიხსნა, რომლის შემოსავალიც ქველმოქმედებას მოხმარდება
თბილისში საშობაო ბაზრობა გაიხსნა, რომლის შემოსავალიც ქველმოქმედებას მოხმარდება

თბილისში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიხსნა. ბაზრობა სასტუმრო „რედისონში“ ნებისმიერი მსურველისთვის 18:00 საათამდეა ღია. ბაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლის რეალიზაციის პროცესშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და მათი მეუღლეები მონაწილეობენ. საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს დახლებზე ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრების შეძენის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული პროდუქტის დაგემოვნების საშუალება აქვთ. ღონისძიებაში 30-მდე საელჩო თუ საერთაშორისო მისია მონაწილეობს, მათ შორის: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, პოლონეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი, ყატარი და ლიტვა.

„ლიტვა კარგადაა საქართველოში ცნობილი, ისევე, როგორც საქართველო ლიტვაში. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ამიტო მჩვენს დახლს მნახველები არ აკლია. აქ თქვენ ხედავთ ლიტვურ პროდუქციას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასაყიდი, ამიტომ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად, შეიძინოთ, ისიამოვნოთ და გახდეთ საახალწლო განწყობის ნაწილი“ – აღნიშნა ლიტვის ელჩმა ​გიედრიუს პუოჯუნასმა „მოამბესთან“ საუბარში.

საახალწლო ბაზრობის ორგანიზებაში “ქალთა საერთაშორისო ასოციაციაა” ჩართული. მათი ინიციატივით, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებსა და მოხუცებს. ასევე, შესული სახსრებით დაეხმარებიან სიმსივნით დაავადებულ ქალებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში, სოფელ წილკანში იძულებით გადაადგილებულთა კომპაქტურ დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის ავეჯით და სხვა საჭირო ინვენტარით მოწყობას, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლების და შემდგომში მათი დასაქმების უზრუნველყოფას მოახმარენ.

„ძალიან ამაყი ვარ, აქ რომ ვარ. ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სამზადისი, რა თქმა უნდა საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მასპინძლებთან ერთად. დღეს ჩვენ ვაგროვებთ თანხებს მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. აქ გვაქვს საერთაშორისო პროდუქტების დიდი ასორტიმენტი, რომელსაც ვერსად იპოვით, ამიტომ მოდით, შეიძინეთ, ეს თანხა კი საბოლოოდ კვლავ ქართველებს დაუბრუნდებათ“- აღნიშნავს ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტი და შვეიცარიის ელჩის მეუღლე ბარბარა ქოლერი.