თბილისში საქართველოსა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
თბილისში საქართველოსა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის,  მინისტრის მოადგილეების დონეზე, რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებისას მხარეებმა  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, საკონსულო საკითხები, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

„აღინიშნა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე მზარდია ყირგიზი ტურისტების ნაკადი საქართველოში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყირგიზ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა ყირგიზეთის მთავრობის მიერ.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.