თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავ ღონისძიებას აჭარიდანაც უერთდებიან
თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავ ღონისძიებას აჭარიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დილიდან გამოემგზავრნენ.

ისინი ბათუმის რამდენიმე უბანში შეიკრიბნენ. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, საზეიმო ღონისძიებას აჭარიდან ათასობით ადამიანი დაესწრება. ისინი უარყოფენ ბრალდებას, რომ საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ.

„წასვლის მსურველი ძალიან ბევრია, აჭარიდან 10 ათას კაცამდე ვაპირებთ წასვლას. ბრალდებებს რაც შეეხება, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ მუქარა და ძალით წაყვანა“,- განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მანველიძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პარტიის მხარდაჭერების შეკრების ერთ-ერთი ლოკაცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და მათი მიკროავტობუსები პლაკატებით – „გზა მშვიდობისა“, „დაგვიბრუნდი შინ მშვიდობით“ გააცილეს.

„მათ საჯარო სამსახურებიდან ხალხი იძულებით სამსახურის დაკარგვის შიშით მიჰყავთ. აქ არიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრებიც კი. მოვედით, რომ ვუსურვოთ ბედნიერი მგზავრობა და მშვიდობიანად სახლში დაბრუნება. მსოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს რომ ოპოზიციას უწყობდეს აქციას ხელისუფლება. ამით უმტკიცებენ ოპოზიციას რომ ისინი არიან ბევრნი“,- განაცხადა ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, ხათუნა ბერიძემ.

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაცუზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი