თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ცერემონიით აღნიშნეს
თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ცერემონიით აღნიშნეს

თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ცერემონიით აღნიშნეს.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტი რეგიონისთვის მართლაც სტრატეგიული პროექტია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ის თანამშრომლობა და ის დახმარება, რომელიც ამერიკის მხრიდან ხორციელდება საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით გამოვყოფდი განათლების მიმართულებას. სან დიეგოს უნივერსიტეტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის მართლაც სტრატეგიული პროექტია. ეს პროექტები გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მაია ცქიტიშვილის შეფასებით კი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამული დასავლური განათლების მაგალითია.

„ჩვენი ქვეყნისთვის სან დიეგოს უნივერსიტეტი არის მაგალითი იმ ამერიკული, დასავლური პროგრამებისა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ განათლებას სთავაზობს ახალგაზრდებს. ეს არის სამაგალითო და სამოდელო პროექტი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატებია ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საქართველოს ზრდასა და განვითარებაში შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა.

„230 სტუდენტი იწყებს სწავლას სან დიეგოს უნივერსიტეტში, რომელებიც შეუერთდებიან 530 სტუდენტს, რომლებიც არიან ყველაზე გამორჩეულები და ნიჭიერი ქართველი სტუდენტები. ისინი ეუფლებიან საბუნებისმეტყველო საგნებს და ინჟინერიას და რა თქმა უნდა, თავის მხრივ, შეიტანენ წვლილს ქვეყნის ზრდასა და განვითარებაში. ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერა. მთლიანად ინვესტიცია სან დიეგოს უნივერსიტეტში არის 34 მლნ დოლარი, რომელიც არის ნაწილი 140 მლნ დოლარის, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოყო საქართველოს განათლების სფეროს განვითარებისთვის“, – აღნიშნა მან.

სან დიეგოს უნივერსიტეტმა წელს სტუდენტთა მეოთხე ნაკადი მიიღო. წელს ჩარიცხულებს შორის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებული ახალგაზრდები არიან, არის 14 სტუდენტიც, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში, მათემათიკაში, ქიმიასა და ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულები აიღეს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს იღებენ სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების მიმართულებით.