თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც ბევრი სხვა პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, 66 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 – მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.