თბილისში საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა დელეგაციები პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვიდნენ
თბილისში საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა დელეგაციები პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვიდნენ

თბილისში საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა დელეგაციები პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვიდნენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების დელეგაციებს, კონკურსში მონაწილეობისთვის საქართველოს დედაქალაქს ეტაპობრივად ესტუმრებიან.

20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია – წითელი ხალიჩა გაიმართება. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების მსურველთათვის ბილეთები იყიდება ვებ პორტალსა და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში. შოუს გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება და მთავარი ღონისძიების იდენტური იქნება.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.

კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.

ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლებისაქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა ევროვიზიისთვის და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ევროვიზია ერთი და ორი კონცერტით არ სრულდება, ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.

 

ავტორი: თათია ბუხრაშვილი