თბილისში „საახალწლო სოფელი“ დღეს გაიხსნება

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ დღეს, 24 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, ასევე მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში გაიხსნება.

„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება განკუთვნილი და მასში, 14 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.

დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო გასართობი შოუკონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

საახალწლო სოფელი 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუპროგრამით დაიხურება.