თბილისში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
თბილისში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

დედაქალაქში მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის არის მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. 2021 წელს გარკვეულწილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროექტების ნაწილის განხორციელება დავიწყოთ. ნაძალადევის რაიონში მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაც იგეგმება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძირეულად მოწესრიგდება არსებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდება LED სანათები. ყველამ იცის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ თუ კონკრეტულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოსაცვლელია და მხოლოდ ასფალტის საფარით შემოვიფარგლებით, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ წყალში გადაყრილი თანხები იქნება. ყველგან მსგავსი მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ნინო ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა.

„როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასვლა აღარ დაგვჭირდება და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

„მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან ამ კონკრეტული გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა, ამ პროექტის საშუალებით, მოძრაობა განიტვირთოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაგებიდან საბურთალოზე მოხვედრა ვაკეში შემოსვლის გარეშე იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.