თბილისში „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულების დაცვის მხარის განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელი საქმეში ბიზნესმენმა ჯანელ მესხიშვილმა ჩართო და ამით პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, რათა შემდგომში ნაკისრი ვალდებულებები აერიდებინა. განსხვავებულია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი ამბობს, რომ თანხის გამოძალვის მიზნით ე.წ. კანონიერ ქურდს ერთ-ერთი ბრალდებული დაუკავშირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე ხუთი პირი 11 თებერვალს დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ, მ.კ, ი.მ, ლ.ს. და ი.რ.
ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება „ქურდული წესებით“ გადაწყვიტა.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა“, – აცხადებენ შსს-ში.