თბილისში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა [ფოტოამბავი]
თბილისში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა [ფოტოამბავი]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმში ბოლო 80 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე საოჯახო კერძო კოლექციაში აგროვებდნენ.

ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, კორნელი სანაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ალბერტ დილბარიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ლევ ბაიახჩევის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თემო ჯაფარიძის, გაიანე ხაჩატურიანის, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები.

საგამოფენო სივრცე 7 000 კვ. მეტრს მოიცავს და მუზეუმის სამ სართულზე, 31 საგამოფენო დარბაზშია გაშლილი. მუზეუმში ასევე მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აღჭურვილი საცავი, რომელიც 6 000 სურათს იტევს, 120- კაციანი საკონფერენციო დარბაზი და კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის.

მუზეუმი, რომელიც სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე მხატვრის სახლი იყო განთავსებული,  ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მხატვრებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. არსებულ, მუდმივ ექსპოზიციას პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შეემატება.

მუზეუმის სტუმრებისთვის შექმნილია „არტ ჰაუსის“ კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზსა და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის.

„არტ ჰაუსის“ შემოსავლიდან მიღებული თანხა ისევ მუზეუმის განვითარებას მოხმარდება.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება მსურველთათვის 2018 წლის 2 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი.