თბილისში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
17-19 მარტს, ნინო სალუქვაძის ტირში პნევმატური პისტოლეთით სროლაში საუკეთესო სპორტსმენები გამოვლიდნენ. ტურნირში თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში -ქალებშიც და ვაჟებშიც – უფროსებსა და ახალგაზრდებში გაიმართა. ჩემპიონატი ქალებში ახლებური სისტემით ჩატარდა – ვაჟთა მსგავსად, ადრინდელი 40-ის ნაცვლად, ამჯერად მათაც 60-ჯერ ისროლეს. ქალებში სენსაციურად დასრულდა უფროსთა ტურნირი, სადაც 567 ქულით ქუთაისელმა მარიამ ჩაგანავამ გაიმარჯვა. მეორეზე თბილისელი მეგი ქადაგიძე გავიდა 558-ით, თავად ნინო სალუქვაძე კი მესამე 555-ით.
გოგოებშიც ქუთაისელებმა იმარჯვეს: ოქროს მედალი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა 557 ქულით, ვერცხლი 555 ქულით ასევე ქუთაისელ, ლიზი კილაძეს ერგო, ბრინჯაოს კი 550 ქულით თბილისელი მარიამ ღვინიაშვილი დაეუფლა. ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი 575 ქულით რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანმა დააფიქსირა. მეორეზე 572 ქულთ ვლადიმერ მაიოროვი გავიდა , მესამეზე – ლევან ქადაგიძე – 569 ქულა. ბიჭებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: ჩემპიონი აკაკი მოსულიშვილი გახდა (553 ქულა), ვერცხლი რევაზ ხარაბაძემ (548 ქილა), ხოლო ბრინჯაო ივა ჭანკვეტაძემ (540 ქულა) აიღო.
შერეულ წყვილებში ჩემპიონობა ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა დაიმსახურა – 759 ქულა. 749 ქულით დაასრულეს გამოსვლა ლევან და მეგი ქადაგიძეების წყვილმა და ქუთაისელთა დუეტმა – ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა. დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედლის ბედი თბილისელთა სასარგებლოდ ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა: ბოლო სერიაში მათ ერთით მეტი ქულა ჰქონდათ. ბრინჯაოს მედალი ქუთაისელებს გადაეცათ.