საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით თბილისში, დიდ დიღომში გაიმართა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს ჩემპიონისა და რეკორდსმენის, სახელოვანი ველოსპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალური კრიტერიუმი.
ველორბოლა ჩატარდა გოგონათა და ვაჟთა სხვადსახვა კატეგორიაში. შეჯიბრება მოიცავდა წრიულ რბოლას, რამდენიმე შუალედური ფინიშით. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჯამურად დაგროვებული ქულებით და დაჯილდოვდნენ სხვადსხვა პრიზით.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ათგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამარჯვებულ სამეულს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ლეგენდარული ველოსპორტსმენი, ომარ ფხაკაძე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი (1965), ვერცხლის (1969) და ბრინჯაოს პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე და მესამე პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი, სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965), სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-1993წწ.), გადაღებულია ქართულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის – ხარებას როლს. გარდაიცვალა 1993 წელს.
ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალი, სახელოვანი ველოსპორტსმენის, ომარ ფხაკაძის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმარათა და დღეიდან ყოველწლიურად ჩატარდება.