თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება
თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება

თბილისში დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნება.

ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის.

ნატო-ს ბრიუსელის სამიტის თემაზე მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვეს მიტჩელი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე თაჯან ილდემი იქნებიან.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის პირველი სესია ნატო-სა და საქართველოს პროგრესულ პარტნიორობას, საქართველოს პერსპექტივებს, გამოწვევებსა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიღწევებს, ასევე ბრიუსელის სამიტისთვის პოლიტიკური და უსაფრთხოების დღის წესრიგს შეეხება.

პირველი სესიის შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერის, მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. აუდიენციის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე სესიაზე ახალ საინფორმაციო გარემოში სახალხო დიპლომატიის როლზე იმსჯელებენ. მესამე სესიაზე განხილვის თემა რეგიონში ნატო-ს კომუნიკაციის სტრატეგია იქნება. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის პირველი დღე დასავლური ღირებულების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომზე მსჯელობით დასრულდება.

ფორუმის მეორე დღეს, პირველ მაისს განხილვის მთავარი თემა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და მათთან ბრძოლის მეთოდები იქნება.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მესამედ, ნატო-ს დღეების ფარგლებში იმართება.

ფორუმი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს, 09:00 საათზე გაიხსნება და ხვალ დასრულდება.