თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი მომავალი წლის 29 მაისისთვის გადაიდო
თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი მომავალი წლის 29 მაისისთვის გადაიდო

ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი, რომელიც 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო 2021 წლის 29 მაისისთვის გადაიდო.

ინფორმაციას ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„როკი, ფანკი, ბლუზი, სოული – ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს 2021 წელს ჰპირდება. საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან RAISE VIBRATION, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან“,- აცხადებენ ორგანიზატორები.

მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში „როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“. ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით Let Love Rule 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით RAISE VIBRATION კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა.