თბილისში კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გაიხსნა
თბილისში კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გაიხსნა

თბილისში კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია არის მცდელობა, აღადგინოს და აჩვენოს საბჭოთა იმპერიის ნგრევის წინა პერიოდი გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში. განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი. მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს კოტე წერეთლის სამეცნიერო მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებას, 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.

მუზეუმის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან საჭიროა, არსებობდეს ასეთი მუზეუმი.

„ახლახან დავბრუნდი ბალტიის ქვეყნებიდან, იქ მუზეუმებში კარგად აქვთ მთელი ოკუპაციის პერიოდი გადმოცემული, სტუმრებს უხსნიან, რა იყო მათი წარსული. ჩვენთან არის ოკუპაციის პატარა მუზეუმი, მაგრამ განცდა, რა და როგორ იყო ქვეყანაში იმ პერიოდი, გადმოცემის საშუალებები ნაკლებად გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა „თვითმფრინავის საქმეზეც“.

„ამ ყველაფერში თავიდანვე ჩართული ვიყავ, მაშინვე გავიგე ეს ამბავი, იმ ღამესვე. ნათელა მაჭავარიანთან ჩვენ ახლობლობა ყველასთვის ცნობილია და ამიტომ, ეს ამბავი ჩემთვის უცხო არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.