თბილისში კონფერენცია „განახლებადი ენერგიის განვითარება - გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ მიმდინარეობს
თბილისში კონფერენცია „განახლებადი ენერგიის განვითარება - გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ მიმდინარეობს

თბილისში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, კონფერენცია „განახლებადი ენერგიის განვითარება – გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ მიმდინარეობს.

კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარის, მზისა და ჰიდროენერგიის განვითარების მხრივ არსებულ პერსპექტივებს საქართველოში.

დღესვე დაგეგმილია ენერგოკომპანიების მხრიდან კონკრეტული პროექტების განხილვა და პრეზენტაცია.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მხარეებს, რომ შეძლონ იდეების გაცვლა სხვადასხვა პროექტის შესახებ.

მისივე თქმით, შემოდგომაზე კვლავ ჩატარდება მრგვალი მაგიდა, სადაც ენერგოსფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაგრძელდება.

„2017 წლის დეკემბერში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ“ ჩამოაყალიბა ევროკომისია, სადაც საკმაო რაოდენობის ქართული და უცხოური ენერგოკომპანიები გაწევრიანდნენ. საინტერესო პროექტები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ქარის, მზის, ჰიდრო ანუ წყლის ელექტროსადგურების განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ასეთი შანსი ენერგოკომპანიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ აქვთ განსაკუთრებული პროექტები, რომელიც შეიძლება წარმოადგინონ და ჩვენც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის ევროპასთან საკაბელო გზით, შავ ზღვაზე საქართველოს დაკავშირება. რა თქმა უნდა, ეს არის ახალი იდეა, მაგრამ ვფიქრობთ, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოყალიბდება ენერგოკონსორციუმი, სადაც შეიძლება პროექტზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.