თბილისში კანადური კინოს დღეები გაიხსნა
თბილისში კანადური კინოს დღეები გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები დღეს ანიმაციური ფილმების პროგრამით გაიხსნა.

დღესვე, აჩვენეს მხატვრული ფილმი „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა“. 2017 წელს გადაღებული ნამუშევრის რეჟისორი სიმონ ლავუაა.

ეროვნული არქივის კინოთეატრი 23-25 სექტემბერს კანადური კინოს დღეებს მასპინძლობს.

რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით.

კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმებს წარადგენს კინოპროგრამის კურატორი, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ჯერი უაითი.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.