თბილისში „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით დაგეგმილი ფორუმი გადაიდო
თბილისში „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით დაგეგმილი ფორუმი გადაიდო

თბილისში „გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით დაგეგმილი „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“  გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს  „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბეჟენცევმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ფორუმის ამ ეტაპზე ჩაშლის მიზეზი მონაწილეების უსაფრთხოების გარანტიების არქონაა, რადგან ფორუმის დაანონსების შემდეგ, ბეჟენცევის თქმით, სოციალურ ქსელებში მუქარები გაისმა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ფორუმი. მიზეზი ის მუქარა, საინფორმაციო კამპანია და სიუჟეტებია, რომლებიც ჩვენ გვეხებოდა. არ გვაქვს  მონაწილეების უსაფრთხოების გარანტია, რომლებიც რუსულენოვან დიასპორას წარმოადგენენ. ჩვენ ვერ ავიღებთ მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გამოთქმული მუქარის გათვალისწინებით. სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ პირები, ე.წ. ტროლები, რომლებსაც თავიანთი ფოტოების გამოჩენის ეშინიათ, თუმცა არ მორიდებიათ გინება.  ამბობენ, რომ მოვიდოდნენ აეროპორტში, ფორუმზე, დაგვაკვირდებოდნენ. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ყველას უსწრებს ტოლერანტობით, სტუმართ მასპინძლობითა და დემოკრატიით. არავის უთხოვია აკრედიტაცია, რათა მოსულიყვნენ და თავად დარწმუნებულიყვნენ, რომ აპოლიტიკური შეხვედრა იგეგმებოდა.  ამასთან, რატომღაც მიგვაწერეს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“. თუმცა მათ არასდროს შევხვედრივარ“, – აღნიშნა ახალგაზრდული კავშირის ლიდერმა.

ალექსანდრე ბეჟენცევი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფორუმი აუცილებლად გაიმართება.

„ფორუმი აუცილებლად ჩატარდება, იმედი გვაქვს წელს. სამწუხაროდ,  ბევრი ძალა ამ საკითხს წინასაარჩევნოდ იყენებს. ვეცდებით,  არჩევნების შემდეგ მოვახერხოთ ფორუმის ორგანიზება და მოვიწვიოთ მასმედია, რომელთაგანაც აკრედიტაციის თხოვნით ჩვენთვის არავის მოუმართავს“, – აღნიშნავს ბეჟენცევი.

რუსეთის ექსპრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნილი „გორჩაკოვის ფონდი” ახალგაზრდა ლიდერებისთვის ფორუმის გამართვას თბილისში 13-14 ოქტომბერს გეგმავდა, სადაც რუსეთიდან სხვადასხვა ორგანიზაციის წევრ ახალგაზრდებს ელოდებოდნენ.