თბილისში გამომგზავრებამდე ბელარუსის ნაკრების ორი მოთამაშე დაშავდა
თბილისში გამომგზავრებამდე ბელარუსის ნაკრების ორი მოთამაშე დაშავდა

თბილისში გამომგზავრებამდე, ბელარუსის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება მოხდა – გამოცემა „ტრიბუნას“ ცნობით, მიხეილ მარხელის გუნდში ორი მოთამაშე დაშავდა.

ტრავმირებულია „ბატეს“ მეკარე, დენის შჩერბიცკი და მის ნაცვლად ბრესტის „დინამოდან“ სერგეი იგნატოვიჩი გამოიძახეს, მაგრამ ის სათადარიგო მეკარე იყო. გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ტულას „არსენალის“ მარჯვენა ნახევარმცველი იური კოვალევი, რომელსაც ნაკრებში 2017 წლიდან სისტემატურად იწვევდნენ და მისი ფორმით ბელარუსის ნაკრების ბოლოს გამართული ლამის ყველა შეხვედრა ჩაატარა. კოვალევმა 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ის ასევე დაშავებულია და შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.

ამრიგად, მიხეილ მარხელის განკარგულებაში 27 ფეხბურთელია. გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოს წინააღმდეგ, ასევე 2020/21 წლების ერთა ლიგის შეხვედრებში ლიეტუვასთან და ყაზახეთთან მატჩებისთვის უკვე ემზადება. ბელარუსის მთავარი გუნდის შეკრება 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გუნდი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცის ტექნიკურ ცენტრშია დაბინავებული და ფედერაციის ფეხბურთის მოედნების კომპლექსში ვარჯიშობს. ბელარუსის ნაკრები თბილისში 7 ოქტომბერს გვესტუმრება და 8 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.