თბილისში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული გაიხსნა
„ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, – ამ სახელწოდებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული გაიხსნა.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, თბილისში წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი 7 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, 7 პროცენტით არის გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო გარდაცვლილთა – 4 პროცენტით.
ღონისძიების ფარგლებში მსჯელობენ, რა სახის გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს ამ მაჩვენებლის შესამცირებლად.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.