თბილისში ფორუმი „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება­ საქართველოს გულისთვის“ მიმდინარეობს
თბილისში ფორუმი „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება­ საქართველოს გულისთვის“ მიმდინარეობს

თბილისში, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში ფორუმი „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება­ საქართველოს გულისთვის“ მიმდინარეობს.

როგორც აღინიშნა, ფორუმი განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას ეძღვნება.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ რაღაც შევაჯამოთ, არამედ იმისთვის, რომ ახალი ეტაპი დავიწყოთ და პროტესტის და წინააღმდეგობის ის დიდი ენერგია, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ვაქციოთ ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებად და სტრატეგიად. ამის პირობას გაძლევთ მე, როგორც „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი. მომავლის პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს: მრავალპარტიული დემოკრატია ერთპარტიული დიქტატურის ნაცვლად; მრავალფეროვნება ერთფეროვნების  ნაცვლად; ცოდნა უმეცრების ნაცვლად; პოლიტიკოსები, რომლებმაც საქმის კეთება იციან და არა იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ სხვაგან ვერაფერი შეძლეს. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან, ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა. ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა, თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. „ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ. ჩვენ გპირდებით, რომ იმ მართალ სიტყვას, რასაც აქ ვამბობთ, რაც აქ ისმის და კიდევ ითქმება, ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ. გპირდებით, რომ შევქმნით სამოქალაქო ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა მხარეში. გპირდებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ სამოქალაქო აქტივიზმში, პოლიტიკურ აქტივიზმში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. გპირდებით, რომ მოვივლით მთელ საქართველოს და დაგიბრუნდებით კიდევ უფრო დიდი შეკრებით თბილისში, კიდევ უფრო ბევრნი, ძლიერები, კიდევ უფრო თავდაჯერებული და კიდევ უფრო ახლოს გამარჯვებასთან, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ფორუმის სპიკერებს შორის ასევე არიან ნინო დობორჯგინიძე, დატია ბადალაშვილი, ლევან ღამბაშიძე, ნინო კასრაძე, თოზუ გულმამედელი და ვაჟა გაფრინდაშვილი.

ფორუმის ორგანიზატორთა განმარტებით, ფორუმზე იმსჯელებენ სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და მსოფლიოში საქართველოს ადგილზე.