თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი NEWON ჩატარდება
თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი NEWON ჩატარდება

თბილისში, 30 ნოემბერს და პირველ  დეკემბერს, ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი NEWON ჩატარდება.

ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიჯეები დაუკრავენ. ღონისძიება ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მდებარე “ელექტროვერკის” სივრცეში გაიმართება.

აღნიშნული ფესტივალი, თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით შემუშავებული გეგმის ფარგლებში დაფუძნდა.

როგორც დედაქალაქის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, სოფო ხუნწარიამ მედიას განუცხადა, ფესტივალი ყოველ წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

მისივე თქმით, აქცენტები გარე უბნებზე გაკეთდება, რათა მათი განვითარება მოხდეს.

“ფესტივალი არის ახლად დაფუძნებული. აქ საუბარია, რომ ყველა ქართველი არტისტი, რომელსაც აქვს შექმნილი ახალი პროექტი, წარმოადგინოს და წარმოაჩინოს ახალ სცენაზე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ფესტივალები გაიმართება ყოველთვის ყოველ წელს ახალ სივრცეში. წელსაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი სივრცე, რომელიც არის ელექტროვერკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გარეუბანში ანუ არა ცენტრში, ვინაიდან ჩვენ ძალიან აქტიურად ვფიქრობთ დეცენტრალიზაციაზე და სწორედ სხვადასხვა უბნის შინაარსობრივი დატვირთვა არის ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

აღნიშნული ფესტივალი ყოველ წელს, თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად ჩატარდება. ფორუმი ფესტივალის მსგავსად თბილისში წელს პირველად იმართება. ღონისძიებას, რომელსაც ცხრა ქვეყნის ღამის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან, დღეს დილით დედაქალაქის მერმა გახსნა. დღეს და ხვალ, ფორუმზე უცხოელი სტუმრები საქართველოს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებს.