თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიხსნება
თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიხსნება

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის, „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით, თბილისში დღეს ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიხსნება.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან.

კონფერენციას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის განხილვა გლობალურ კონტექსტში.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები. კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია სამი პანელი, ასევე დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.

„იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაგეგმილი პანელების ფარგლებში ისაუბრებენ, არის: საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები; ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში; დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი; ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია; მეწარმეობის ხელშეწყობა; საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი; „მწვანე ეკონომიკა“ და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავოსში გამართული ეკონომიკური ფორუმის შედეგების განხილვა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

კონფერენცია ტექნოპარკში დღეს გაიხსნება და 30 იანვარს დასრულდება.