თბილისში, დიდ სინაგოგასთან ისრაელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელში, საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ ადამიანებს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს.
„მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქართველი ძმები, ებრაელი ძმები, ყველანი აქ ერთად გამოვხატავთ პროტესტს. ვგმობთ, რაც ჩაიდინა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“. ისრაელის სიმართლეს მალე მთელი მსოფლიო გაიგებს. მტერს არასოდეს გაახარებს ისრაელი. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს მშვიდობას, ისრაელს გამარჯვება“, – განაცხადა მოქალაქე დავით ხახიაშვილმა.
ისრაელის მხარდასაჭერად მისულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა, შესრულდა ისრაელისა და საქართველოს ჰიმნები.
ამასთან, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერა უნიკალურია. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.
„პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოსი და საქართველოს მოქალაქეების. ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არის უნიკალური. ეს იყო შანსი, გამოჩენილიყო, რომ ჩვენ ვართ მეგობარი ქვეყნები. დღევანდელი სიტუაცია, ის, რაც მოხდა, არის პრეცენდენტი. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს ამის წინააღმდეგ. მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად. პირველი არის – ტერორი, ტერორიზმი და ვინც უჭერს მათ მხარს. მეორე არიან ისინი, ვინც ტერორის წინააღმდეგ არიან. ამ დროს მსოფლიოში ყველამ უნდა აირჩიოს, რომელ მხარეს არის. ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ აირჩია ანტიტერორისტული მხარე. ისრაელის სახლმა და ევროპულმა ალიანსმა ისრაელისთვის გუშინ გააგზავნა გაერო-ში წერილი, რომ „ჰამასი“ ცნონ, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორიზმი ბოლომდე აღმოვფხვრათ. იმედი მაქვს, წერტილოვანი დარტყმით ამ ყველაფერს მოაგვარებს ისრაელი და ჩვენ მივიღებთ ახალ ახლო აღმოსავლეთს, რაც იქნება მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – განაცხადა იციკ მოშემ.