თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებისთვის შენობის გამოყოფის მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ დადიანის ქუჩა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დროულად დასრულდეს მე-10 სკოლის მშენებლობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლების შემდეგ, საბოლოოდ მოხდა მოსწავლეების შესახლება წერეთლის ქუჩაზე მდებარე 22-ე სკოლის შენობაში, თუმცა იქიდანაც საჭირო გახდა მათი გამოყვანა და ამჟამად სკოლის გარეშე არიან დარჩენილი. მშობლების თქმით, მეათე სკოლის მოსწავლეებისთვის ითხოვენ შენობის გამოყოფას, სადაც მოსწავლეები განაგრძობენ სწავლას იმავე ცვლებით, როგორც აქამდე სწავლობდნენ. მშობლები ასევე უარს ამბობენ ონლაინფორმატში სწავლაზე და აცხადებენ, რომ დისტანციურ სწავლებას არანაირი შედეგი არ აქვს.
ადგილზე იმყოფებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.
„როგორც კი 22-ე სკოლის შენობაში გაჩნდა ბზარები, მაშინვე სკოლის ერთი ნაწილი იყო გამოყვანილი, დღეს უკვე მთლიანად სკოლაა გამოყვანილი ამ შენობიდან. დაველოდოთ კვირის ბოლომდე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. პარალელურად, მშობლებისთვის პირველი ალტერნატივა შეთავაზებული იყო 190-ე სკოლა, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნებოდა ტრანსპორტი, მაგრამ მეორე ცვლაა და მშობლების მოთხოვნა იყო, რომ ამ პერიოდში მეორე ცვლაზე ვერ გადაერთვებოდნენ. აქედან გამომდინარე, ვიდრე სამხარაულის დასკვნას ველოდებით, მეორე ალტერნატივად შეთავაზებული იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ერთი კვირით. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე კერძო ფართის დათვალიერება, რათა სახელმწიფომ იჯარით აიღოს და სკოლამ გააგრძელოს ფუნქციონირება კერძო ფართებში“, – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის დადიანის ქუჩაზე აქცია დასრულებულია.