თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ოფისი დააყაჩაღეს
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე  „ლიბერთი ბანკის“ ოფისი დააყაჩაღეს

ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სამართალდამცველები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მედიასთან არ აზუსტებენ, წაღებულია თუ არა ბანკიდან თანხა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

შეგახსენებთ,  24 საათის განმავლობაში „ლიბერთი ბანკის“ ოფისის დაყაჩაღების ეს უკვე მეორე ფაქტია. გუშინ, გვიან ღამით მძარცველები იარაღის მუქარით ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალშიც შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს.