თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნი“ გაიხსნა [ფოტო]
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნი“ გაიხსნა [ფოტო]

კომპანია „რედიქსმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნი“ გახსნა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ბიზნესის წარმომადგენლები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორ ლაშა პაპაშვილს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და მას მადლობა გადაუხადა.

„ვუერთდები მილოცვებს, ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა, ინვესტორს, ბატონ ლაშას მივულოცო ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, მადლობა ვუთხრა მას და მის ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მივულოცო დედაქალაქს, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვახარებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ბიზნესსექტორს მსგავსი, ქალაქის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების პროცესში ყოველთვის ექნება მერიის აქტიური მხარდაჭერა.

„ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა და ეს შენობა-ნაგებობა ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს. ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ერთი, რომ მსოფლიო დონის ბრენდია შემოსული და მეორე – 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იყო და იქნება ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა კალაძემ.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ახალი სასტუმრო პირველი ბრენდირებული სასტუმროა ვაკის რაიონში.

„ვაკეში არასდროს იყო ბრენდირებული სასტუმრო, ეს პირველია. თან ასეთი ბრენდი, რომელსაც 6 600 სასტუმრო აქვს მსოფლიოს 119 ქვეყანაში და 110 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს. გალამაზებულ ვაკეს ძალიან მოუხდა და დროული იყო ამ ობიექტის გახსნა. უკვე დღეიდან 80 ადამიანი მუშაობს და კიდევ დაემატება 20 ადამიანი. ექსტერიერზე, ფასადზე ლევან მუშკუდიანმა იმუშავა. ოთახებში მაიკო სუმბაძის ნახატებია და ინტერიერის დიზაინში ჩემი მეუღლეც მონაწილეობდა და ეს მისთვის პირველი პროექტი არ არის“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 170 ოთახი და საკონფერენციო დარბაზები.